თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 24 » რით მოხიბლა ლელა წურწუმიამ პაატა ინაური
7:37 PM
რით მოხიბლა ლელა წურწუმიამ პაატა ინაური
"ფილმში ჩვენ ახალ ვარსკვლავს ვაბრწყინებთ", -ამ სიტყვების ავტორი პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი გახლავთ, ადრესატი კი ახალბედა მსახიობი, პაატა ინაურია, რომელიც ზაზა ურუშაძის ახალ ქართულ მელოდრამაში -"დარჩი ჩემთან" -ასაკით უფროსი მომღერალი ქალბატონის შეყვარებულის როლს თამაშობს. "ვერ წარმოვიდგენდი, ისეთი დიდი მსახიობების გვერდით თუ მომიწევდა თამაში, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობენ", -მითხრა მსახიობმა, რომელიც არა მხოლოდ მისი გმირის, არამედ საკუთარი სიყვარულის შესახებაც გულახდილად ლაპარაკობს.

-პაატა, "გზაში" შენი ინტერვიუ პირველად იბეჭდება. ჩვენს მკითხველს საკუთარი თავი გააცანი.
-თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. გამიმართლა, რომ გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვსწავლობდი. მან სტუდენტები პირველივე კურსიდან, მარჯანიშვილის თეატრში მოგვიყვანა და ეპიზოდურ როლებში ვმონაწილეობდით ხოლმე. ახლა მარჯანიშვილის თეატრის გარდა, სამეფო უბნის თეატრშიც ვმუშაობ. დათა თავაძე ჩემი მეგობარია და მის სპექტაკლში -"მახინჯი" -ვთამაშობ. შეიძლება ითქვას, რომ ფილმისთვის სწორედ ამ თეატრში მიპოვეს. დავით ბეჟიტაშვილს როლანდ ოქროპირიძემ ურჩია, შემხვედროდა.


-ამ ფილმში შენი კინოდებიუტი შედგა...

-დიახ. ეპიზოდურ როლებში ადრეც გადამიღეს, მაგრამ მთავარი როლის შესრულება პირველად სწორედ ამ ფილმში დამეკისრა.

-ღელავდი?
-რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულე. არაერთ დიდ და ღვაწლმოსილ მსახიობთან მომიწია პარტნიორობამ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ჟანრი ლოლაშვილთან, მიშა გომიაშვილთან, ნატო მურვანიძესთან, ლელა წურწუმიასთან მუშაობა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.

-ლელა როგორი პარტნიორი აღმოჩნდა?
-თავიდან "თქვენობით" ველაპარაკებოდი, მაგრამ ზაზამ მითხრა: ასე ნუ მიმართავ, თორემ ისეთი სცენებია გადასაღები, თამაში გაგიჭირდებაო. მე და ლელა მალე დავმეგობრდით და მუშაობაც გაგვიიოლდა. ის საოცრად ნიჭიერი ადამიანია და იუმორითაც გამოირჩევა.

-ფილმში თამამი კადრებია?..
-(მაწყვეტინებს) ზოგს ჰგონია, რომ ამ ფილმის სანახავად ბავშვები არ უნდა წაიყვანონ, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. არის კოცნის სცენა, მაგრამ იმდენად კარგადაა გადაღებული, რომ მისი ნახვა განურჩევლად ასაკისა, ყველას შეუძლია.

-გადაღება სად ხდებოდა?
-თბილისში.

-მამულიჩაც ესწრებოდა?

-არა.

-სცენარის მიხედვით, შენს გმირს ასაკით ბევრად უფროსი მომღერალი ქალი უყვარდება...
-მერე რა, მე ბევრ ასეთ წყვილს ვიცნობ. მთავარია, რომ მათ ერთმანეთი უყვართ და ბედნიერები არიან.
ასეთ დროს ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?!

-თუ ეს სხვაობა 20 წელია?

-ჩემთვის შეიძლება, ეს მისაღები არ იყოს, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

-პრემიერის შემდეგ ახლობლებმა, კოლეგებმა შენი ნამუშევარი როგორ შეაფასეს?
-მილოცავდნენ. ძირითადად, დადებითი შეფასებები იყო.

-ამ ფილმის პროდიუსერი დიდ მომავალს გიწინასწარმეტყველებს...

-ჩემი მხრიდან ამ თემაზე ლაპარაკი უხერხულია!

-შენთვის, როგორც მსახიობისთვის, სად უფრო საინტერესოა მუშაობა -გადასაღებ მოედანზე თუ სცენაზე?

-ორივეგან საინტერესოა. ბედნიერია მსახიობი, რომელსაც საშუალება ეძლევა იმუშაოს არა მარტო სცენაზე, არამედ -გადასაღებ მოედანზეც.

-გადასაღებ მოედანზე ყოველთვის ხდება ისეთი რამ, რაც კადრს მიღმა რჩება...
-ჩვენ სულ ერთად ვიყავით, ერთად ვჭამდით, ერთად ვცხოვრობდით. ზაზა ურუშაძე მეუბნებოდა, -ფილმს ეკრანზე რომ ნახავ, გადასაღები მოედანი მერე უფრო მოგენატრებაო. მართლაც ასე მოხდა... სხვათა შორის, ზაზამ "სასაცილო იხვი" დამარქვა: თმას ხშირად მისველებდნენ, მაგრამ კადრში ეს "სველი ეფექტი" მაინც არ ჩანდა. უცნაური, "ჯაგარა" თმა მაქვს და მის დასასველებლად ძალიან წვალობდნენ, ბევრ წყალს მასხამდნენ.

-ყველაზე მეტად, რომელი სცენის გადაღება გაგიჭირდა?
-ჩხუბის სცენის.

-მიშა გომიაშვილის გმირთან ჩხუბობ, არა?
-დიახ და არაერთი დუბლი გადავიღეთ. მიშა არაჩვეულებრივი ადამიანია, მან ბევრი რამ მასწავლა. თავიდან მერიდებოდა, -ამ კაცს ხელი როგორ დავარტყა-მეთქი, მაგრამ თავად მაგულიანებდა: -მოდი, დამარტყიო!..

-პაატა, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

-რა უნდა ხდებოდეს?..

-როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ. შენი რჩეული კატო კალატოზიშვილია, არა?
-(იცინის) მართალია. მე და კატო ჯგუფელები ვიყავით, ახლა კი სამეფო უბნის თეატრში ერთად ვმუშაობთ.

-როგორც ვიცი, ის ამ ფილმშიც თამაშობს.
-დიახ. მას ჩემზე შეყვარებული გოგონას როლი აქვს, მაგრამ მისი სიყვარული ცალმხრივია. გთხოვ, ამ თემაზე აღარაფერი მკითხო...

-პოპულარული გახდი. ახალი შემოთავაზება ხომ არ მიგიღია?
-ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომელიმე რეჟისორი საინტერესო როლს შემომთავაზებს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)

კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1638 | დაამატა: AdeleFan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0